ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში

„ჩვენი სტრატეგიის მიზანი არ არის მხოლოდ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების წარმატებით განხორციელება, ან ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკაში მონაწილეობა, არამედ ჩვენი საბოლოო მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება. რაც მეტნი ვიქნებთ ევროპულ ოჯახში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. ამიტომაც უნგრეთი იყო და მომავალშიც იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერი“-განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან 26 ივლისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პიტერ სიიარტომ სახელმწიფო მინისტრს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა. შეხვედრა უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში, ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
პიტერ სიიარტომ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში საქართველოს პროგრესის დაფიქსირების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებში ბალაჟ მოლნართან, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტამაშ ვარგასთან (მინისტრის მოადგილე) და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან.შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული პროცესები. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის სტაბილურ განვითარებას.
„ჩვენ ძალიან მალე გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომლისთვისაც ვებზადებით და ამის გარშემო გვინდა კონსოლიდირება მოვახდინოთ პარტნიორების, მათ შორის, უნგრეთის და მე მოხარული ვარ, რომ ისინი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერენ და ყველა დონეზე აღნიშნავენ- ეს იქნება დეკლარაციული, თუ სხვადასხვა დონის შეხვედრები ბრიუსელსა, თუ ბუდაპეშტში.“-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ ვიზიტის დასრულების შემდეგ.

Пікірлер

    Келесі