შეჯიბრი სნაიპერული შაშხანიდან სროლაში

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში ტურნირი ჩატარდა. დღეს, თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზში „ორბი“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გენერალური შტაბის უფროსმა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ ტურნირში ასპარეზობისათვის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულებს შესაბამისი მედლები და სიგელები გადასცა.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალურად შეგროვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ. ინდივიდუალურ შეჯიბრში I, II და III ადგილებზე გასულ სამხედროებს შესაბამისი მედლები და სიგელები, ხოლო გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებულ ქვედანაყოფებს, სიგელებთან ერთად, ჩემპიონატის თასიც გადაეცათ.
ინდივიდუალურ პირველობაში I და II ადგილები სპეციალური ოპერაციების ძალების, ხოლო III ადგილი I მსუბუქ ქვეით ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა დაიკავეს. გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების ძალები გახდა, მეორე ადგილი I მსუბუქმა ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ეროვნულ გვარდიას ერგო წილად.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში საუკეთესო მსროლელების გამოსავლენად ტურნირი IV მექანიზირებული ბრიგადის ვაზიანის საერთო საჯარისო სასროლეთზე გაიმართა.

Пікірлер

    Келесі